რატომ არის მნიშვნელოვანი მედიკამენტის გენერიკული დასახელებით გამოწერა – ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტება

ამ რეფორმით ხელს ვუწყობთ იმას, რომ პაციენტს საუკეთესო არჩევანი ჰქონდეს, რათა მისი მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტი შედარებით ხელსაყრელ ფასად მიიღოს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკა ადამიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მედიკამენტების გენერიკული დასახელებით გამოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.

ადამიამ რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემის შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ ფარმაცევტული სექტორის რეფორმა დაიწყო, რომლის მიზანია, ჩვენს მოსახლოებას იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოს. ასევე ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენტული გარემო შეიქმნას. ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებები სამოქმედო გეგმის სახით შემუშავდა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის უპირველესი კომპონენტი ელექტრონული რეცეპტის დანერგვა იყო. 1 მარტიდან ყველა სამედიცინო დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, რომ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქი, ანუ რეცეპტული მედიკამენტი აუცილებლად ელექტრონული ფორმით გამოწეროს. ასევე ფარმაცევტული სექტორი ვალდებულია, ეს მედიკამენტი ელექტრონულად გასცეს, ანუ ელექტრონულად გაფორმდეს. ეს პირველი ნაბიჯი იყო, რითიც დავიწყეთ. შემდეგი ეტაპი ელექტრონული რეცეპტის საშუალებით გენერიკული მედიკამენტების გამოწერას ეხება. ბაზარზე მედიკამენტები მრავალი სავაჭრო დასახელებით არბობს, განსხვავებული მწარმოებლის და ფასისაა. ჩვენ ამ რეფორმით ხელს ვუწყობთ იმას, რომ პაციენტს საუკეთესო არჩევანი ჰქონდეს, რომ მისი მკურნალობისთვის აუცილებელი, შესაბამისი ხარისხის მედიკამენტი შედარებით ხელსაყრელ ფასად მიიღოს. ესაა ამ ღონისძიების ძირითადი არსი. ამ მიზნით ჩვენ მიერ მედიკამენტების ე.წ. „პოზიტიური სია“ განისაზღვრა.“ – განაცხადა ადამიამ.

მისივე განმარტებით, ფარმაცევტი მომხმარებელს, მედიკამენტების ე.წ ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. პაციენტი კი თავად გადაწყვეტს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს.

„პოზიტიური სია“ არის იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა, ბაზარზე არსებული მედიკამენტებიდან კონკრეტულ გენერიკულ მედიკამენტთან ყველაზე კარგადაა შეთავსებადი. ეს სხვადასხვა კრიტერიუმითაა დადასტურებული. პირველ ეტაპზე ამ კრიტერიუმებში ე.წ. აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაცია შევიდა . მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში აღიარებითი ქვეყნების ჩამონათვალი არსებობს , რომლებიც მკაცრი მარეგულირებლების არსებობით გამოირჩევიან და მათ ბაზარზე დაშვებული, ან წარმოებული მედიკამენტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალინ მაღალი სანდოობისაა. ეს მედიკამანტები ამ „პოზიტიურ სიაში“ ავტომატურად შევიდა. სიაში ასევე, შესულია ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები, რომელიც აღიარებით ქვეყნებშია ნაწარმოები. ასევე საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა დანარჩენ მედიკამენტებს , რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ „პოზიტიურ სიაში“ მოხვდნენ, დამატებით წარმოსადგენი ექნებათ GMP-ის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ბიოექვივალენტობის ინ ვივო მეთოდით ჩატარებული კვლევა რაც მათ თავსებადობას კონკრეტულ გენერიკულ მედიკამენტთან გარანტირებულად ადასტურებს.

რეალურად, მედიკამენტის გენერიკული ფორმით გამოწერის გამო ექიმის პასუხისმგებლობის ნაწილს არაფერი აკლდება. პირიქით, ის ჩვეულებრივად ნიშნავს იმ მედიკამენტს, რომელიც მიაჩნია, რომ პაციენტის სამკურნალოდაა საჭირო და ამ მედიკამენტს გენერიკული ფორმით გამოწერს. ფარმაცევტის მხარეს რაც შეეხება- მას არანაირი უფლება არ აქვს, ამ პროცესში რაიმე თავისი ინტერპტრეტაცია მოახდინოს, მას პირდაპირ აქვს განსაზღვრული სია, ანუ გენერიკული მედიკამეტის შესაბამისი სავაჭრო დასახელების მედიკამენტების სია, საიდანაც მომხმარებელს 3 ყველაზე ხელსაყრელი ღირებულების, იაფ მედიკამენტს შესთავაზებს იმისთვის, რომ პაციენტს არჩევანი ჰქონდეს. ჩვენ ამით შესაძლებლობას ვქმნით, პაციენტს დავანახოთ, რომ ბევრად იაფად შეიძლება იგივე ტიპის მედიკამეტი მიიღოს, რასაც შესაძლოა, აქამდე ძვირად ყიდულობდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია, ნებისმიერი არჩევანი გააკეთოს, იგივე ძვირიანი მედიკამენტის სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება სავალდებულო იქნება“ – განაცხადა ადამიამ.

ცნობისთვის, რეფორმის შედეგად, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებულია მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. სამინისტროს ცნობით, სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.

„ზოგადად, მედიკამენტები 3 დიდ ჯგუფად იყოფა.  პირველ ჯგუფში  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები შედის.   აქვე დავამატებ, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ელექტრონული რეცეპტით გამოწერის ვალდებულება  11 აპრილიდან უკვე ვრცელდება. მეორე ჯგუფი  რეცეპტული მედიკამენტების დიდი ჯგუფია. აქ შედის  ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიოტიკები, ანტიჰიპერტენზიული  საშუალებები, სხვადასხვა სტატინები. ეს ისეთი ჯგუფია, რომლის ექიმის  გარეშე, უკონტროლო მიღებამ, შეიძლება, ადამიანზე  დამაზიანებელი ეფექტი მოახდინოს.  მესამე ჯგუფში  სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი, თუ კუჭ-ნაწლავის მედიკამენტები შედის. ესეც დიდი ჯგუფია, რომელიც ურეცეპტოდ  გაიცემა და მათზე ეს ღონისძიებები არ ვრცელდება“ – განმარტა ეკა ადამიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები