აგვისტოს ომის გამოძიების ხარვეზები სახალხო დამცველის ანგარიშში

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებების, მათ შორის უგზო- უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმე გამოძიებულ იქნას და წარიმართოს შემჭიდროებულ ვადებში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია აღნიშნული. ანგარიშში უჩა ნანუაშვილი რუსეთ–საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ წერს:
„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სოფლებისა და ქალაქების დაბომბვას მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ათასზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა სარჩელები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ მეორე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ წარადგინა ევროპულ სასამართლოში, რომელიც 2011 წლის 13 დეკემბერს დასაშვებად იქნა ცნობილი ევროსასამართლოს მიერ, თუმცა, ჯერ არსებითად განხილული არ ყოფილა.
აღნიშნულ საჩივრებში საუბარია ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილება, დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სხვა.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელები შეტანილია საქართველოს წინააღმდეგაც. 2013 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა გამოაქვეყნა თავისი sakhalkho damtsveli antidiskriminatsiuli kanonis shesrulebis zedamkhedveli ikneba 9163მესამე ანგარიში წინასწარ მოკვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო- რუსეთის 2008 წლის ომის დროს, სავარაუდოდ, ჩადენილი იქნა დანაშაულები, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში ექცევა: ქართველი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმა, სამოქალაქო მოსახლეობაზე და სამოქალაქო ობიექტებზე უკანონო თავდასხმა, ქონების განადგურება, ძარცვა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. 2013 წლის მარტში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შემსწავლელი 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი. თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოძიებული ინფორმაციით, აღნიშნულ გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
საქართველოს საგამოძიებო ორგანოები იძიებენ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების და მის შემდგომ პერიოდში ეთნიკურად ოსი პირების უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ფაქტებს. კერძოდ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა); ა.ხ.-ს, ა.ხ-ს და ს.პ.-ს გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის №74098089 საქმეზე და თ.კ.-ს უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ფაქტზე, სისხლის სამართლის №011040113004 საქმეზე. რ.ი.-ის გაუჩინარების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის №074088079 საქმის ფარგლებში.
დღემდე არცერთ ზემოაღნიშნულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როდესაც არსებობს prima facie საქმე, რომ ესა თუ ის პირი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელში გაუჩინარდა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს; სახელმწიფო ვალდებულია წარმოადგინოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ მის მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. ასევე, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ევალება სწრაფი და ეფექტური გამოძიების წარმოება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, გაუჩინარებულ პირთა საქმეებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ ხარვეზებზე ჯერ კიდევ 2010 წელს ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში იყო საუბარი. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ამ საქმეებზე დღემდე გამოძიება დასრულებული არ არის. მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით, 2013 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პრეზიდენტს გაეროს 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესის დაწყების რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი მიმართვა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება გამოძიება უგზო-უკვლოდ გაუჩინარების რამდენიმე შემთხვევასთან დაკავშირებით. ყველა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას უკანონო თავისუფლების აღკვეთისათვის. 2013 წლის 19 აპრილს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ.მ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მ.მ. საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის მაისის თვიდან იმყოფებოდა. მას ლტოლვილის სტატუსის მიღების მიზნით მიმართული ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
2012 წლის 14 დეკემბერს მ.მ. დაკავებული იქნა საქართველო სს კოდექსის 344- ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 დეკემბერის განჩინებით, მის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა, ხოლო 2013 წლის 14 იანვარს, მ.მ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მ.მ. 2013 წლის 19 აპრილს გაუჩინარდა. 2013 წლის 5 სექტემბერს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 143-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მ.მ. შესაძლოა რუსეთის ფედერაციაში იყოს დაკავებული, რაც აჩენს კითხვებს მის გაუჩინარებასა და მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციაში პატიმრობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა, მ.მ. ოჯახის წევრების განმარტებით, ის ლტოლვილის სტატუსს სწორედ რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის გამო ითხოვდა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ეფექტურად, შემჭიდროვებულ ვადებში წარიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები