თეონა აქუბარდია: მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება

„მოგიწოდებთ და გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს სამშვიდობოს გასვლა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მინიმუმ ერთი შეხვედრა მაინც გავაკეთოთ, ამით მაინც დავიწყოთ საუბარი, ვიცოდეთ ამ კითხვართან დაკავშირებით რა კითხვებზეა საუბარი, რა პროცესია საჭირო, რომ პარლამენტში წარიმართოს, რა პოლიტიკური განცხადებები არის ამასთან ერთად საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი წილი შევიტანოთ ამაში, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არც მომავალი თაობები და არც ისტორია არ გვაპატიებს”, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველაზე მკაფიოდ აქვს საქართველოს შესაძლებლობა, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, პოლიტიკურ მხარეებს შორის მაინც დაპირისპირებაა.

„დღეს, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა იყოს ევროპული ოჯახის წევრი ყველაზე მკაფიოდ და ნათლად აქვს, ვხედავთ რომ ისევ მიდის დაპირისპირება, უთანხმოება, ორივე მხრიდან არის მოწოდება, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა, არცერთი შემხვედრი ნაბიჯი ამ ერთიანობის შესაქმნელად.

ისტორიული და უნიკალური შანსი გვაქვს დღეს უკრაინელი ხალხის, მათი თავდაუზოგავი ბრძოლის დამსახურებით და იმ თავისუფლების ჟინით, რომლითაც მსოფლიო არის გაოცებული და ამ ვითარებაში, ჩვენ, როდესაც ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები და საქართველო უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოზე რუსული გავლენებისგან თავისუფალი, ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გვინდა შევქმნათ და ამ ფონზე ისევ ურთიერთბრალდებები გვესმის ამ დარბაზში. ვერ შევძელით დავივიწყოთ ყველა უთანხმოება, წყენამ ვაჯობოთ საკუთარ თავს, შევძლოთ გავიყვანოთ ქვეყანა ევროპისკენ და ისეთი ქვეყანა შევქმნათ, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები