შალვა კერესელიძე: პოლიტიკური კინკლაობის და ინტრიგების ხლართვას, სჯობს, ადგილობრივი ფერმერების პრობლემების მოგვარებით დავკავდეთ

პარლამენტის წევრმა, შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, მაგრამ ადგილობრივი ფერმერები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

„ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს კატასტროფულ ნიშნულზე მყოფი საწვავის ფასები, მომატებული ფასები სასუქებსა და შხამქიმიკატებზე. ყოველივე აღნიშნული, ერთი მხრივ, ხელს უშლის სასოფლო-სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოების ეფექტიანად, დროულად, აგროვადებში ჩატარებას, ხოლო მეორე მხრივ ფერმერებს სტიმულს და იმედს უკარგავს, დაამუშაონ მიწები, შექმნან დოვლათი, შექმნან სამუშაო ადგილები, მიიღონ შემოსავლები, კიდევ უფრო გააფართოონ საოჯახო მეურნეობები, გადაიხადონ გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტში და, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მომარაგებით”. დეპუტატმა თავის გამოსვლაში გამოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინიციატივით მიმართავს საქართველოს მთავრობას. კერძოდ, მისი თქმით, „სახელმწიფომ თანადგომა უნდა გამოუცხადოს ადგილობრივ ფერმერებს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის სახით მოახდინოს გაძვირებული საწვავის ღირებულების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება, როგორც ეს 2020 წელს საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით განახორციელა და საკმაოდ კარგი ეფექტიც მივიღეთ.

ასევე, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბარათე სისტემის დახმარებით, გაძვირებული შხამ-ქიმიკატების და სასუქების ღირებულების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება განახორციელოს, ეს სისტემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასული წლებიდან გამომდინარე კარგად აქვს აპრობირებული და გამოცდილი.

და ბოლოს, საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, ეს არის სასუქების დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრა ბაზარზე ადგილობრივი სასუქებით, აზოტი მაქვს მხედველობაში”- აღნიშნა შალვა კერესელიძემ, რომელმაც კოლეგებს მიმართა, რომ „პოლიტიკური კინკლაობის და ინტრიგების ხლართვას უმჯობესია, ამ და მსგავსი პრობლემების მოგვარებით დავკავდეთ. ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და დამერწმუნეთ უფრო მეტ და კარგ საქმეებს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის”, – განაცხადა კერესელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები