ივანე ჩხაიძე: საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით, ადრეა
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით, ადრეა.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს. ყველა კრიტერიუმი ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება. ისეთი, როგორიცაა ინფიცირების მაჩვენებელი, დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო დღეებია, დაბალ რიცხვებზეა, 500-ზე ქვემოთაა. ასევე, ძალიან შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, აქტიური შემთხვევების რაოდენობა. საავადმყოფოებში მიმართვიანობა. შესაბამისად, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. თუმცა, ხაზს ვუსვამ, ერთი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი ინფიცირებული მაინც მაღალი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა ან დასასრულს უახლოვდება, ჯერჯერობით, ადრეა. მანამ, სანამ ჩვენ ასეთი რაოდენობის ინფიცირებულები გვყავს და გარდაცვლილთა რაოდენობაც ასევე სტაბილურად არ მცირდება, უნდა ვთქვათ, რომ ჯერ პანდემიის დასრულებამდე შორსაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა.
„მით უმეტეს, პანდემიის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება მანამ, სანამ ჩვენ დარწმუნებულები არ ვიქნებით იმაში, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის ალბათობა არ არსებობს. ჯერჯერობით, ჯანმო ამ ფაქტს არ აფიქსირებს. უფრო მეტიც, ბოლო 2 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 3 ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ესაა „ომიკრონის“ 2 ვარიანტი, მეოთხე და მეხუთე და ე.წ. XE ვარიანტი, რომელიც „ომიკრონის“ პირველი და მეორე ვარიანტის ჰიბრიდულ ვერსიას წარმოადგენს. შესაბამისად, „ომიკრონმა“ თავისი მუტაციის მაქისიმუმი ჯერჯერობით არ ამოწურა. ანალოგიური შეიძლება, კორონავირუსთან დაკავშირებით ითქვას. ჯერჯერობით, კორონავირუსის შემდგომი მუტაციის რისკი არსებობს.
ამიტომ, სანამ ასეთი რისკებია, სანამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ისეთივე სტაბილური ვითარება არ იქნება, როგორც საქართველოში, გლობალურად პანდემიის დასასრულზე საუბარი, რა თქმა უნდა, ადრეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, ასევე სამხრეთ კორეა, ჰონგ კონგი შემთხვევების მატებას აფიქსირებს, ისეთივე სახით, რა სახითაც საქართველოში იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იყო. ამ შემთხვევების უკან „ომიკრონის“ მეორე ქვევარიანტი დგას. ანალოგიური მატებაა აშშ-ში. ასე რომ, გლობალურად საუბარი პანდემიის დასასრულზე ჯერჯერობით ნაადრევია. თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, სტაბილურია, მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო დღეების და კვირების მანძილზე როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვალებულთა რაოდენობის შემცირება აუცილებლად იქნება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.
თამუნა შეყილაძე