“მსოფლიო ბანკის, კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო ათწლეულში 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა” – ცუცქირიძე
“სიღარიბის დონე, უმუშევრობასთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ჩვენნაირი ტიპის გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სიღარიბის დონის შეფასება განსაკუთრებით დღეს პოსტპანდემიურ პერიოდშია მნიშვნელოვანი, რადგან გლობალურმა პანდემიამ ეკონომიკის გლობალური რეცესიაც გამოიწვია, ხოლო მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შედეგად ფასების ზრდა და მაღალი ინფლაცია მთელს მსოფლიოში თვალშისაცემია, რასაც, რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის და რუსეთისათვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან ერთად, ენერგომატარებლების ზრდის ნეგატიური ეფექტიც ემატება.
“საქართველოში სიღარიბის დონის შესაფასებლად როგორც გასული წლების, ასევე, მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლებია ყველაზე საინტერესო, გასულ წლებში სიღარიბის ცვლილების დინამიკის თვალსაზრისით.
მსოფლიო ბანკმა მსოფლიოში სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, აგრეთვე, ცალკე გამოქვეყნდა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში „ომი რეგიონში“, სადაც საქართველოში სოციალურ ეკონომიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებიცაა განხილული.
ნიშანდობლივია, რომ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს სიღარიბის მაჩვენებლები ახალ ისტორიულ მაჩვენებლებამდე გაუმჯობესდა, 2021-2024 წლების ოთხწლედში კი ღარიბთა რიცხვი ერთნახევარჯერზე მეტად მცირდება.
მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო ათწლეულში 2021 წელს უკიდურესი სიღარიბე 2012 წელთან შედარებით განახევრდა, სიღარიბის სხვა მაჩვენებლები კი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე, თითქმის ერთნახევარჯერ, ორჯერ შემცირდა.
მსოფლიო ბანკის გამოკვლევების მიხედვით თვალსაჩინო გახდა, რომ სოციალური რეგრესის ანუ სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი საქართველოში 2003-2011 და 2005-2011 წლებზე მოდის.
გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად საქართველოში 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2021 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში მაღალი, დაბალი და უკიდურესი საშუალო შემოსავლიანობის სიღარიბის დონეების მიხედვით, მაღალი საშულო შემოსავლის სიღარიბის ზღვარს მყოფთა რიცხვი, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით), 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 58.84%-იდან 59.03%-მდე. მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო, სარკისებულად შეიცვალა და უკვე 2021 წლისთვის მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით 40.6%-ს გაუთანაბრდა, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია საქართველოსთვის.
რაც შეეხება დაბალი საშულო შემოსავლის სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული იყო 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 27.82% იყო; _ 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28.28%. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო და, მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს 14.1%-ს გაუთანაბრდა, ანუ 10 წელიწადში მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა და ახალი ისტორიული მინიმუმი დააფიქსირა.
რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველოში 2012 წელს უკიდურესი სიღარიბეში ცხოვრობდა მოსახლეობის 8%-ზე მეტი, 2021 წელს კი 4-%-ზე ნაკლები (3.4%), რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.
შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში 2002 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა 410 ათასი ადამიანი, 2011 წელს კი 420 ათასი, ანუ 10 000 ადამიანით მეტი. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2021 წელს უკიდურეს სიღარიბეში მყოფთა რიცხვი უკვე არის დაახლოებით127 ათასი და 2011, 2012 წლების მაჩვენებელს 3-ჯერ და 2-ჯერ მეტად ჩამორჩება.
არანაკლებ საინტერესოა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილი 2.5%-მდე შემცირდება, ანუ უკიდურეს სიღარიბეში დარჩება საშუალოდ ყოველი მეორმოცე მოსახლე. შედარებისთვის 2021 წლისთვის ასეთი არის ყოველი 29-ე მოსახლე იყო, 2011 წელს კი ყოველი მეცხრე.
მსოფლიო ბანკის კვლევაც აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ევროპულზე მაღალი ზრდის პირობებში, რაც ადგილობრივი წარმოების და მომსახურების სერვისების სტიმულირებით ხორციელდება, რაც განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური პერიოდში ბიზნესის მხარდამჭერი და სოციალური დახმარებების პროგრამების გზით მიმდინარეობდა, მნიშვნელოვნად არის სიღარიბის დონე შემცირებული, მათ შორის უკიდურესი სიღარიბის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობა. მომავალი წლების პროგნოზზე მხოლოდ დადებითად აისახება როგორც პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ექსპორტის მხარდამჭერი ახალი კომპონენტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, ასევე შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის დაწყებული დასაქმების სამთავრობო პროგრამაც, რაც გარდა ამ ადამიანებისათვის მოტივაციის გაზრდისა, ეკონომიკის ზრდაზეც პოზიტიურად იქნება ასახული.
მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთ რეალობას ასახავს, იგი ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა არგუმენტს აცლის ძალას პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, უკიდურესად გაზრდილ უმუშევრობაზე და სიღარიბეზე, რაც მუდმივად არის სპეკულირების საგანი”, – წერს ცუცქირიძე.