ლადო ბურდული: პაპუაშვილი განახორციელებს იმას, რაც თავისი სამშობლოსათვის უკეთესი და მართებულია
“რამდენიმე წელი მომიწია უკრაინის ჩემპიონატში თამაში და ძალიან კარგად მახსოვს 2008-ში უკრაინის მთავრობის ქმედებები!! სტანდარტული შეშფოთებები და აღშფოთებები”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლადო ბურდული სოციალურ ქსელში წერს.
ბურდული პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში მიწვევის საკითხსაც ეხმაურება.
“პაპუაშვილი განახორციელებს იმას, რაც თავისი სამშობლოსათვის უკეთესი და მართებულია. ისე, როგორც უკრაინა მოიქცა მაშინ, როდესაც საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდეს რადას დეპუტატებმა 2008 წელს. მათ მიაჩნდათ, რომ მართლები იყვნენ, ამიტომ, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას საყვედურები არ გამოგვითქვამს, დიახ, ეს არ გვიკადრებია, თუმცა, გული დაგვწყდა…. არც 2000-მდე უკრაინელს უბრძოლია ჩვენს დასახმარებლად ფრონტზე, არც გაფუჭებული ტანკები მიგვიყიდია, არც მეორე ფრონტის გახსნა დაგვივალებია. ისე, ცნობისათვის, არც უკრაინელი კრიმინალები შეგვიფარებია, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ იყვნენ ძებნილები. თავისთავად, არც დაგვისაქმებია. ხედავთ, რა ღირსეული მეგობრობა და თანადგომა ვიციით….ისე, ჰუმანიტარული დახმარებაც უწყვეტ ნაკადად მოედინება აქედან მაქეთ, როგორც ხალხისგან, ასევე, მთავრობისგან… ასე რომზ ყელში ამოხვედით, თქვე არასწორებო, ვინც მაქედან არასწორად ტლიკინებთ! უფალმა დალოცოს უკრაინელი ხალხი!”, – წერს ბურდული.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით რადას თავმჯდომარის მოწვევა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განაცხადა: “ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.
პაპუაშვილის განცხადებას რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა: „არის თუ არა მიზანშეწონილი, უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე”.