ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო დუშეთის მოსახლეობას შეხვდა

პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ინფორმირების მიზნით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, დუშეთში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო  საბჭოს ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით  მოსახლეობასთან შეხვედრა ჩატარდა.

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგონ, იცოდნენ როგორი გამჭვირვალეა პარლამენტი, როგორ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და გაეცნონ იმ სიახლეებს, რაც პარლამენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

 „ამ კუთხით აქცენტები გაკეთდა პარლამენტის ძირითადი ფუნქციების განხორციელებაზე. ეს არის კანონშემოქმედებითი და ასევე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი ფუნქცია. ვისაუბრეთ, თუ როგორ ხდება ამ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა, როგორია საზოგადოების წინაშე პარლამენტის ანგარიშვალდებულება, როგორ შეუძლიათ მათ დაესწრონ როგორც საკომიტეტო მოსმენებს, ასევე პლენარულ სხდომას, დასვან შეკითხვები, გამოთქვან მოსაზრებები და შენიშვნები  კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.  მივაწოდეთ ინფორმაცია პარლამენტში  სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ექსკურსიების ორგანიზების  თაობაზე, სტაჟირების კომპონენტებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის სერვისების გაწევაზე პარლამენტში და მათ ჩართულობაზე საპარლამენტო საქმიანობაში”, – აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა. მათი მხრიდან დუშეთში უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარების სურვილი გამოითქვა, სადაც რამდენიმე ასეულ ადამიანს შეეძლება დასწრება და ამ ინფორმაციის მიღება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ შესაბამისი დავალება მისცა საბჭოს სამდივნოს, დუშეთის მუნიციპალიტეტთან კოორდინაციით მოხდეს მაისის თვეში მსგავსი შეხვედრის ორგანიზება.

„მსგავსი შეხვედრები და  საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია საბჭოს ფარგლებში ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და ყოველთვიურად პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ეწვევიან და მიაწვდიან ინფორმაციას საპარლამენტო საქმიანობის, გამჭვირვალობისა და მასში ჩართულობის თაობაზე”, – აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ.

საპარლამენტო ოპოზიციიდან  საბჭოს წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ღია მმართველობის იდეა ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს წევრები შეეცადნენ მოსახლეობისთვის დაენახვებინათ, რომ პარლამენტი, უპირველეს ყოვლისა, მათ წინაშეა ვალდებული.

„ჩვენი დღევანდელი საუბარი მოქალაქეებთან ზუსტად ამ არსით იყო წარმართული, როგორც სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ მოქალაქეების სამსახურში და იმისთვის, რომ უკეთესად შევძლოთ ჩვენი საქმიანობის განხორციელება მათ მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ, მეტი მოითხოვონ ჩვენგან და მეტი ინიციატივა იყოს მათი მხრიდან.

შეხვედრა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მოქალაქეებმა დაინახეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა, ჩვენ მიერ დეტალურად იქნა ახსნილი, რა რესურსები აქვს პარლამენტს იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ხმის მიწვდენა პარლამენტისთვის და შემდეგ უკვე პასუხები მიიღოს იმიტომ, რომ შეიძლება ხშირად არ იცოდნენ ადამიანებმა, რომ ამის რესურსები  ელექტრონული ფორმითაც არსებობს.  ვფიქრობ, რომ ასეთი სახის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: დუშეთის მერი მანანა ნარიმანიძე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ზოდელავა.

პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ინფორმირების მიზნით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გაიმართა 6 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები