ბადრი ჯაფარიძე: ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ ბუჩაში არჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება

“უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება აბსოლუტურად ობიექტურია”, – ასე აფასებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მისამართით უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ჯაფარიძის თქმით, ბუჩაში არჩასვლა სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

“უმაღლესი რადას სპიკერის განცხადება აბსოლუტურად ობიექტურია და ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ ამ დროს ბუჩაში არჩასვლა არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს არის თანმიმდევრული ნაბიჯები “ქართული ოცნების”, რომ მაქსიმალურად გააფუჭოს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები უკრაინასთან და ამით ასიამოვნოს ჩვენს საერთო მტერს – რუსეთის ფედერაციას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით რადას თავმჯდომარის მოწვევა მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განაცხადა: “ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს”.

პაპუაშვილის განცხადებას რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა: „არის თუ არა მიზანშეწონილი, უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები