„რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის“

რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტს საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე, მისი თქმით, ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ პრესიდან შეიტყო. არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა და არანაირი კონსულტაცია ამ საკითხზე არ ყოფილა. მისივე თქმით, თუ აღნიშნული პროექტი იქნება მიღებული რუსეთის მთავრობის მიერ და შეჩერდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, რასაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავისი პროცედურები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება რუსეთში. “თუმცა, ეს გამოიწვევს საქართველოში წარმოებულ რიგ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის დაწესებას, რომელიც არ იქნება 20%-ზე მეტი. ეს არის მაქსიმალური ტარიფი, რომელიც შეთანხმებული აქვს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე კვლავ გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები