“კრამატორსკის სადგურზე თავდასხმა ომის დანაშაულია” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე მიტანილი სარაკეტო იერიში დაგმო.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ომის დანაშაულია. ეს იყო მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები, რომლებიც მიმართული იყო იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ჰუმანიტარული თავშესაფრის პოვნას ცდილობდნენ“, – თქვა მან.

მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აწარმოოს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა – სამწუხაროდ, ეს არის მრავალი შემთხვევის განმეორება, როდესაც რუსეთის სახელმწიფო – პრეზიდენტი, პუტინი და მისი გენერლები ცდილობენ აწარმოონ ომი მშვიდობიანი მოსახლეობის, მშვიდობიანი რაიონების და სამოქალაქო ეროვნული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ აწარმოოს”, – თქვა მან.

უოლესმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს ის, რასაც პუტინი დღეს აკეთებს.

„რაც უნდა მოხდეს უკრაინაში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაავიწყდეს, რომ ის, რასაც პუტინი აკეთებს დღეს, არის საკუთარი გალიის აშენება“, – თქვა მან.

რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დღეს დაბომბეს. იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდეა გაზრდილი, მათ შორის 4 ბავშვია, 100-ზე მეტი დაშავებულია.

კრამატორსკის რკინიგზის სადგურიდან მშვიდობიანი მოქალაქეები დღეს ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები