თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა – ვაჟა ფანოზიშვილმა, ვახტანგ ფარესიშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა – ლევან ძნელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს – გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, მორიგი შეხვედრა გამართეს თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) დელეგაციასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრების დელეგაციას ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – აჰმეტ გიულერი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი მეზობელი ქვეყნის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ურთიერთთანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. უახლოეს მომავალში დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელშიც ასახული იქნება პროფესიული თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები