მედეა ჯანიაშვილი: ტურიზმის აღდგენის დინამიკა იმედისმომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის მარტის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ვიზიტების აღდგენის კოეფიციენტი 48.5 %-ს შეადგენს.
„2019 წელთან მიმართებით, 2022 წლის მარტის თვეში ტურისტების რაოდენობის აღდგენამ 48% შეადგინა, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ეს არის იმ მრავალი აქტივობის რეზულტატია, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ბაზარზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებისათვის განვახორციელეთ. სრული სურათი რომ დავინახოთ, იანვარი-მარტის პერიოდში აღდგენის დინამიკა ტურისტების რაოდენობის კუთხით 52%-ს აღწევს, რაც ძალიან იმედისმომცემია და წელს კარგი შედეგი გვექნება“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა.
2022 წლის მარტში საქართველოში 211,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +266.3%, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან 34.1%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 188,354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი 37.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 159,199 შეადგინა, რაც +107,944-ით მეტია 2021 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი 48.5%-ია.