ირაკლი ჩიქოვანი – კულებას განცხადებაზე: საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები

ბრალდებები, რომლებიც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, სრულიად მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, არსებობს შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ირაკლი ჩიქოვანი ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

„საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონი არის ურთულესი რეგიონი და საქართველო არცერთ შემთხვევაში არასოდეს არ ყოფილა სანქციების თავის არიდების ადგილი. სამწუხაროა, რომ მეგობრული სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელ ხალხს მხარში დავუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს. ხოლო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს საქართველოსგან ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები