კარლ ჰარცელი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: ძალიან სერიოზული ბრალდებებია – მნიშვნელოვანია, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლა განაგრძონ
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული ბრალდებები ძალიან სერიოზულია.
მისივე თქმით, საქართველომ და უკრაინამ საკითხის გადასაჭრელად ინფორმაციების გაცვლა უნდა გააგრძელონ.
„რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე, არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.