გიორგი ამილახვარი – უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: მსგავსი არაფერი მომხდარა, დაგვიდონ ფაქტები და მტკიცებულებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

ამილახვარი ამბობს, რომ ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება.

“ბოდიშს ვიხდი, მაგრამ როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას გვიყენებს ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი უწყება, მხოლოდ სიტყვიერს, არანაირ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით – კიდევ ჩვენ უნდა წარვადგინოთ კონტრმტკიცებულებები?!

ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი მსგავსი ფაქტი, მოქმედება, გადაადგილება არ ყოფილა. თუ რაიმე ბუნებაში აქვთ, დაგვიდონ ფაქტები, მტკიცებულებები და გვამხილონ ტყუილში. არ გვაქვს მსგავსი მტკიცებულება იმიტომ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთი, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, დასავლეთის მიერ სანქციათა სიაში შეყვანილი საქონლის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების ტვირთის კონტრაბანდის არხს აყალიბებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები