რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა თვალი უნდა ადევნოს მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტს, რადგან დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკის სფეროში ფასების სპირალური ზრდა.
მისი თქმით, დასავლეთის სანქციებმა რუსეთი 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ სანქციების გლობალური გავლენა უფრო დამანგრეველი იქნება.
ამასთან, პუტინი აღნიშნავს, რომ ენერგორესურსების გაძვირებისა და სასურსათო პროდუქციის ნაკლებობის გამო, განვითარებული ქვეყნები იძულებული იქნებიან მეტი ფული დაბეჭდონ, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.
„ისინი აუცილებლად გაამწვავებენ სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, რაც წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.