ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენ უნდა მივიდეთ მედიკამენტების უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე
ჩვენ უნდა მივიდეთ მედიკამენტების უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თურქეთიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჯამში კი 600 000-ზე მეტი კოლოფი, თუ შეფუთვაა შემოსული.
„ეს არის იმ სხვა, ალტერნატიული მედიკამენტების ჩანაცვლება ზუსტად იგივე დასახელებებით, ან შემცვლელებით, რაც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდიოდა და საკმაოდ ძვირ ფასად. ეს არის ჩვენი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის პროექტის ერთ-ერთი ეტაპი. ამას უნდა მოჰყვეს სხვადასხვა ღონისძიება, რაც სამოქმედო გეგმაში გვაქვს გაწერილი და რაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ვადებით. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, დაასტაბილურებს, როგორც თურქეთიდან წამლის იმპორტს, მის ხარისხს და ფასს, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტის შემთხვევაშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პირობებს და უფრო სამართლიან, გამჭვირვალე ფასწარმოქმნამდე უნდა მივიდეთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.