გიორგი ვაშაძე – ე.წ. კონტრაბანდაზე: ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად, ტვირთების სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს

როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, არ მინდა, დავიჯერო, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით სამხედრო კონტრაბანდა მიედინება, ამიტომ, ვითხოვ მტკიცებულებებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიურ ქმედებებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად, ტვირთების სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებას.

მისი თქმით, ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან ერთად იმ ტვირთების სრულფასოვანი შესწავლა უნდა მოხდეს, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით.

“ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად, ტვირთების სრულფასოვანი შესწავლა უნდა მოხდეს, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს არის ტყუილი, მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო – ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რათა საკითხის შესწავლა დეტალურად მოხდეს. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ომის პირობებში უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად და სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო აკვირდება. ამიტომ, ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პოლიტიკაში ვარ საქართველოში, ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ – მტკიცებულებებს. ასევე, ველოდები სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და, რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებით, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. რის გამოც, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები