ევროკავშირი უკრაინის რიგ ქალაქებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უმკაცრესად გმობს. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“ათობით დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქის და განადგურებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შემზარავი სურათები აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკის სიაში შევა.
ომის დანაშაულებისა და სხვა მძიმე დარღვევების ჩამდენი, ასევე, პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხისგებაში მიეცემიან. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის.
კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ICC-ის პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ისევე – როგორც OHCHR-ის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებისა და შენარჩუნების მცდელობებში.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და სასწრაფოდ გააგრძელებს მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე.
პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაასრულოს ეს ომი”, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge