მდინარაძე – სააკაშვილზე: მისი სურვილია, საქართველო ჩაებას ომში – ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების დახოცვას

მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანი საქართველოს ომში ჩაბმაა.

„თქვენი პარტიის ლიდერი [მიხეილ სააკაშვილი] არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის იხდის სასჯელს და ასევე ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, ამ დანაშაულებზეა ის მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში, ის სასჯელს მოიხდის საქართველოში, ეს საკითხი სხვაგვარად არ განიხილება.
ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რაზეც თქვენი მედიასაშუალების მხრიდან ირონიული ღიმილიც იყო, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა, დღეს ხომ ეს დადასტურდა. მან პროცესზე თქვა: ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა თქვენმა პარტიის ლიდერმა? რისთვის ჩამოდიოდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. მისი სურვილია, რომ საქართველო ჩაებას ომში. საქართველო არ ერთვება ომში, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, რაც არ მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები