იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მიმართ, უკრაინას ელჩები არ გამოუწვევია, მაგალითად ბელარუსიდან – დავით სერგეენკო
„სამწუხაროც არის ის, რაც მოხდა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს მალევე გამოსწორდება და მალევე აღდგება იმიტომ, რომ საქართველოს და უკრაინას ურთიერთობა არ დაწყებულა ამ კონკრეტული ელჩისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხს.
მისი თქმით, იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც უკრაინის მიმართ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს, უკრაინას ელჩები არ გამოუწვევია.
„პრეზიდენტი ზელენსკი საყვედურს პირდაპირ ვერ გამოთქვამდა საქართველოს მთავრობის მიმართ და ეს გასაგებიცაა, მან გამოიყენა ის ფორმა, რომელიც გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრობლემა, ამ პრობლემის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი მე მგონია კომუნიკაცია იმიტომ, რომ სანქციები, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, ქვეყნების უმეტესობამ შემოიღო 2022 წლის 24 თებერვლის მერე, ეს სანქციები თავისი შინაარსით არის გარკვეული შეზღუდვები მაშინ, როდესაც საქართველომ ეს სანქციები, თუ ამას სანქციებს დავარქმევთ, შემოიღო 2008 წლის აგვისტოს მერე.
საქართველოს უკვე ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რომ ეს გაეკეთებინა და ეს გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ვერ მოხდა ამისი სწორი წარმოჩენა და ვერ მოხდა სწორი კომუნიკაცია ქვეყნებს შორის, ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის და ჩემი აზრით, ეს არის გამომწვევი მიზეზი. მე არ მინდა სხვა ქვეყნების შეფასება დავიწყოთ, მაგრამ ქვეყნებმა, რომლებმაც ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მიმართ იქიდან უკრაინას ელჩები არ გამოუწვევია, მაგალითად ბელარუსიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის საბოლოოდ გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.