ირაკლი კობახიძე უკრაინის ელჩის გაწვევაზე – ჩვენი მხარდაჭერა იყო ურყევი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დავინახეთ
ჩვენ გვესმის, რომ უკრაინის ხელისუფლება არის მძიმე, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირდაპირ ვიტყოდი, შეურაცხყოფაა ქართული სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც მანამდე დაიწყო.
„მანამდე კონსულტაციებზე გაწვეული იყო ელჩი, რაც არის ერთგვარი დემარშის კიდევ ერთი ფორმა. ამას მოყვა გაგრძელება – ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო წინა ნაბიჯიდან და ზოგადად იმ ნაბიჯებიდან და რიტორიკიდან გამომდინარე, რომელიც გვესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ასეთი ალოგიკური ნაბიჯებისა, ჩვენ არასდროს მოგვიდუნებია ყურადღება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მხრდაჭერის კუთხით. ჩვენი მხარდაჭერა აქ იყო ურყევი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც იყო საუბარი პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, იქნებოდა ეს ევროსაბჭო, გაერო, ეუთო, ჰააგის სასამართლო თუ ნებისმიერი სხვა პლატფორმა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ პოლიტიკური მხრდაჭერა გაგვეწია უკრაინისთვის, შესაბამისად, კიდევ უფრო ალოგიკურია ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ დავინახეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
ჩვენ გვესმის, რომ ხელისუფლება არის მძიმე მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, თუმცა ეს მდგომარეობა მაინც არ ამართლებს იმ ნაბიჯებს, რომელიც არის პირდაპირ ვიტყოდი შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არის ერთადერთი შეფასება, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა არავითარი ლოგიკური ახსნა არ აქვს ამ ნაბიჯებს, სხვას ვერაფერს დავარქმევთ მათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის საბოლოოდ გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.