ზურაბ აბაშიძე რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გაძვირებას არ გამორიცხავს

მოსკოვის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების შემდეგ რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნაწილი შესაძლოა, გაძვირდეს, ნაწილის გატანა კი გართულდეს. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “მაესტროს 9-იანში” განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თამაშის წესებით ითამაშებენ, რადგან ორივე ქვეყანა ამ ორგანიზაციის წევრია. “ბოლო ხანს რუსეთმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები უკრაინასთან მიმართებაში, გაამკაცრა სავაჭრო კავშირები მოლდოვასთანაც. ასე რომ, მოსალოდნელი იყო იგივე ჩვენთან მიმართებაშიც და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავდით. როდესაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მივდიოდით, პარალელურად ვაანალიზებდით იმას, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ ალბათობას ვუშვებდით, თუმცა არა მგონია, ეს ტრაგედია ან დიდი ტრავმა იყოს. ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ვართ, იქ თამაშის წესები არსებობს და ვიცხოვრებთ ამ წესების მიხედვით. ალბათ, რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის ნაწილი გაძვირდება, რაღაცა უფრო რთული გასატანი იქნება – შეიძლება რაღაც მეტად კონკურენტუნარიანი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ ამას, როცა გვინდა, ვიყოთ ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, თუკი 1994 წელს დაწესებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გადაიხედება, რუსეთთან საქართველო ივაჭრებს ისე, როგორც სხვა ძალიან ბევრი ქვეყანა.
“ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვეულებრივი სავაჭრო რეჟიმი აქვს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებით ვაჭრობენ. ასე ვივაჭრებთ ჩვენც. შეიძლება, ჩვენმა ბიზნესმა გარკვეული ზარალი განიცადოს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი გათვლები ისეთია, რომ განსაკუთრებულ ტრაგედიას არ უნდა ველოდეთ – ციფრები დიდი არ არის, მილიარდებზე და ასობით მილიონზე საუბარი არ არის”, – აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს. საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები