საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა – ლაშა ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, უწყების განვლილი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პანდემიის პირობებში საგამოძიებო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობა საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მობილიზებულ იქნა 109 340 627 ლარი, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და მობილიზაციის გარეშე“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგამოძიებო სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლზე საფინანსო – ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით. „მივესალმები საგამოძიებო სამსახურის აქტიურ კოორდინაციას აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორ უწყებებთან ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა – სოსო რამიშვილმა, ღონისძიების სტუმრებისთვის საგამოძიებო სამსახურის განვლილი წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა თანამშრომელთა თავდაუზოგავ შრომაზე, რამაც განაპირობა 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხების რეკორდული ოდენობა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ „უწყება კვლავ განაგრძობს აქტიურ მუშაობას კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.