“სახელმწიფო განაგრძობს უკრაინაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების დახმარებას მათი ევაკუაციის, სამშობლოში გამომგზავრების და მათთვის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, დახმარება გაეწია საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე, სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით.
“მათ შორის, გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად გამოემგზავრა საქართველოს 100 მოქალაქე.
სისტემატურად ხორციელდება სპეციალური რეისები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, ისევე – როგორც ხდება მათი ორგანიზებული გადაყვანა ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინაში, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ისინი უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წვერების სამშობლოში გამომგზავრებას და ასევე პირველადი საჭიროების დახმარების გაწევას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.