„საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს რენატა ლევოვსკის და ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერს დავით ღონღაძეს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცეებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა 2 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ბათუმში დაგეგმილ პილოტზე, რომლის ფარგლებშიც საკრებულოს შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს.

რენატა ლევოვსკიმ საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ცესკოს თავმჯდომარემ მას მადლობა გადაუხადა იმ ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია წლების განმავლობაში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისგან“ (IFES) იღებს. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, IFES-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოს ცესკოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა სულ უფრო მზარდი და ძლიერი იქნება მომავალშიც. შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 მარტს გაიმართა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები