ალუდა ღუდუშაური – დანილოვის განცხადებაზე: ეს არის მოწოდება, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით ჩაერთოს საომარ მდგომარეობაში
“ვერცერთ კრიტერიუმში ვერ ჯდება ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ – პირდაპირ ვთქვათ, ეს არის მოწოდება, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით ჩაერთოს საომარ მდგომარეობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოს დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა უწევს.
„ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას და ფაქტორს, რომელსაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს რეალობაში არსებობენ ისეთი პირები თუ პოლიტიკური ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლისთვისაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ხელსაყრელია საქართველოში იყოს ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში. ამ განცხადებით დადასტურდა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც არის ომის პარტია და არა მხოლოდ, იქ არიან სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელთა ქმედებები ერთობლიობაში არ შეესაბამება სახელმწიფო ინტერესებს, რომელიც უნდა გააჩნდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსს თუ პოლიტიკურ პარტიას. ამ განცხადებით დადასტურდა, რომ საქართველოს უწევს დაფიქრებული ნაბიჯების გადადგმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ბუნებრივია, ვერცერთ კრიტერიუმში ვერ ჯდება ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. პირდაპირ ვთქვათ, ეს არის მოწოდება, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით ჩაერთოს საომარ მდგომარეობაში და საქართველოს ტერიტორიაზეც წარმოებდეს საომარი მოქმედებები, რაც ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ჩვენ ჩვენი მოქმედებით საქართველოს მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც არის საქართველოს და მისი უსაფრთხოების ინტერესებში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას დაეხმარება.