კახა კუკავა: უამრავი სახელმწიფო პოსტი კორუმპირებული “კლოუნების” ხელშია, ბიუჯეტის ჭამა სუფევს და სამართალი მურუსიძეების ხელშია, რაც “ნაცმოძრაობას”, ამ მართლაც მეხუთე კოლონას აძლიერებს
“ქართული ოცნების” ხელისუფლება გამუდმებით გაიძახის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეხუთე კოლონაა, მაგრამ 2012 წლიდან სწორედ “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ყველაფერი, რათა ეს მეხუთე კოლონა სასათბურე პირობებში ჰყოლოდა და გაეძლიერებინა”, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
კუკავამ ინტერვიუში უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრა.
“აშკარაა, რომ კრემლი პროპაგანდისტულ ომს აგებს, მაგრამ სამხედრო ომში რუსეთს უკრაინასთან აბსოლუტური უპირატესობა აქვს. ცალკე საკითხია ეკონომიკური ომი, რომელიც ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.
ყველამ კარგად იცის, რომ “მაკლდონალდსის” რესტორნების დაკეტვითა და მსგავსი ტიპის სანქციებით რუსეთის ეკონომიკა არ დაემხობა. არსებობს მოლოდინი, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში რუსეთში საკვები პროდუქტებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შეიქმნება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური წნეხი გაგრძელდება, რაც უეჭველი სულაც არ არის.
აშკარაა, რომ ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით – საფრანგეთი და გერმანია რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ უჭერენ მხარს და ის სანქციებიც, რაც უკვე დაწესებულია, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის აქტიურობის შედეგია. მოკლედ, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც, იტალიაშიც სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მომგებიანია მათთვის ანტირუსული სანქციების დაწესება, ესპანეთში კი საერთოდ მასშტაბური სანქციებია დაწყებული სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ. საქმე ის არის, რომ სანქციების გაგრძელება უარყოფითად აისახება არამხოლოდ რუსეთის ეკონომიკაზე არამედ თავად სანქციების დამწესებელი ევროპული ქვეყნების ეკონომიკებზეც.
უკრაინის მთავრობა ევროკავშირს ამუნათებს, თქვენ მიერ შესყიდული თითოეული კუბმეტრი რუსული გაზი უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში გადახდილი ფულიაო, მაგრამ უკრაინა თავად ახორციელებს რუსული გაზის ტრანზიტს ევროპაში, რითაც რუსეთის ეკონომიკა დიდ სარგებელს ნახულობს. ახლა პუტინს ხშირად ადარებენ ჰიტლერს, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირს გერმანული პროდუქციის ყიდვა-გაყიდვით ასეულობით მილიონობით დოლარი რომ ჩაერიცხა ჰიტლერის ბიუჯეტში.
საბოლოოდ, აშკარად იგრძნობა, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, მიიყვანოს თუ არა ბოლომდე პუტინის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი. რაც შეეხებათ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების მთავარი ინიციატორები არიან, მათ რუსეთთან ისედაც არ აქვთ დიდი ეკონომიკური ურთიერთობები. მაგალითად, ბრიტანეთი რუსული გაზის შესყიდვას თუ შეწყვეტს, ეს რუსეთის ეკონომიკისათვის არანაირი ზარალის მომტანი არ იქნება.
გარდა ამისა, მსოფლიოში უკვე არსებობენ სხვა ეკონომიკური გიგანტებიც – ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, საუდის არაბეთი, თურქეთი რომლებიც სრულად არ გამოხატავენ სურვილს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას შეუერთდნენ.
მართალია, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილის პირველი განცხადება ცოტა ხისტი იყო, მაგრამ შინაარსობრივად სწორია, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ზომიერად და აკადემიურად იქნას გამოხატული. სწორია, რომ რუსეთის დასაზიანებლად ეკონომიკურ სანქციებში საქართველო ვერავითარ როლს ვერ ითამაშებს. სწორია, რომ სამხედრო დაპირისპირებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დისტანცირებული. ასეთივე პოზიცია აქვს არჩეული მთელ მსოფლიოს, გარდა ანგლოსაქსური ქვეყნებისა, რომლებიც ერთი მხრივ, გეოგრაფიულად რუსეთისგან ძალიან შორს მდებარეობენ, მეორე მხრივ კი ძალიან ძლიერები და მდიდრები არიან.
არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის ნომერ პირველი სამიზნე არის არა მოლდოვა, პოლონეთი, ან ბალტიისპირა ქვეყნები, არამედ საქართველო.
დიახ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გამოქვეყნებულ ულტიმატუმში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ნატოს გაფართოების შეწყვეტას ეხებოდა ნახსენები იყო ორად-ორი ქვეყანა – უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველოს ათჯერ უფრო მეტი სიფრთხილე მოეთხოვება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომლებიც ისედაც ფრთხილობენ. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში “ნაცმოძრაობის” მოქმედებებს, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” ბრალია.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება გამუდმებით გაიძახის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეხუთე კოლონაა, მაგრამ 2012 წლიდან სწორედ “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ყველაფერი, რათა ეს მეხუთე კოლონა სასათბურე პირობებში ჰყოლოდა და გაეძლიერებინა. შესაბამისად, დღეს “ნაცმოძრაობა” როგორც მეხუთე კოლონა საქართველოს რომ მტრობს ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება. ამიტომ, “ქოცები” ტყუილად ნუ სლუკუნებენ, თავიანთ თავს დააბრალონ ყველაფერი. ამ ხელისუფლებას, რომელმაც “ნაცმოძრაობა” გადაარჩინა და გააძლიერა, დიდი ფრანგი მწერლის ვიქტორ ჰიუგოს სიტყვებს შევახსენებ – “ვინც ძერას დაშავებული ფრთები მოურჩინა, მისი კლანჭების მოქმედებაზეც ის აგებს პასუხს”. მოკლედ დღეს ნამდვილად არსებობს სააკაშვილის რევანშის საფრთხე და ამაში დამნაშავე “ქართული ოცნება” გახლავთ.
2003 წელს, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში მოვიდა, ეს თავიდან ბოლომდე შევარდნაძის ბრალი იყო. დიახ, რომ არ ყოფილიყო შევარდნაძის დამპალი, კორუმპირებული სისტემა, რომელიც ხალხს ყელში ჰქონდა ამოსული სააკაშვილის სახით რადიკალიზმი ვერ გაიმარჯვებდა. იგივე ვითარებაა დღესაც – უამრავი სახელმწიფო პოსტი კორუმპირებული “კლოუნების” ხელშია, ბიუჯეტის ჭამა სუფევს და სამართალი მურუსიძეების ხელშია, რაც “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ მართლაც მეხუთე კოლონას აძლიერებს.
ყველამ იცოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც ამ ქვეყნის მტრის წინააღმდეგ ნამდვილი დემოკრატიის გარდა სხვა იარაღი არ არსებობს. კერძოდ, როცა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები გატარდება, თავისუფალი მედია იარსებებს და თავისუფალი არჩევნები გაიმართება, “ნაციონალური მოძრაობაც” ბუნებრივად დადგება თავის რეალურ რეიტინგზე – 10-12%-ზე და ქვეყნისთვის არავითარი საფრთხის შექმნა არ შეეძლება”, – განაცხადა კუკავამ.