კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 1.09 მლრდ ლარით, ანუ 2.58 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 43.25 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 117.60 მლნ ლარით, ანუ 0.56 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 970.22 მლნ ლარით, ანუ 4.58 პროცენტით გაიზარდა.
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.57 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.61 პროცენტით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.82 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.83 პროცენტითაა გაზრდილი.
2022 წლის თებერვლის განმავლობაში 2.57 პროცენტით, ანუ 551.95 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 21.99 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.79 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.98 პროცენტული პუნქტით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.