პაატა მანჯგალაძე: მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, გამოვიდეს ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან, ვიმსჯელოთ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მმართველი პარტია ქვეყნის დამაზიანებელ რიტორიკას აგრძელებს, როდესაც ამბობს, რომ საზოგადოება გაყოფილია ომისა და მშვიდობის მომხრე პარტიებად. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მსგავსი მიდგომა არასწორია და აუცილებელია, რომ “ქართული ოცნება” ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდეს.

„გაზრდილი უსაფრთხოების რისკების ფონზე, სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, მათი ლიდერები, კონკრეტულად ირაკლი კობახიძე, აგრძელებს დამაზიანებელ რიტორიკას. მაშინ, როცა ჩვენგან შეთავაზება იყო ერთიან ფორმატებზე საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისინი აგრძელებენ ამ დამაზიანებელ რიტორიკას. ქვეყნის შიგნით მტერს ეძებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა გაყოფილია ომის პარტიებად და მშვიდობის მომხრეებად, რაც არასწორია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აწარმოებს შეხვედრას ევროპარლამენტში, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებს ბრიუსელში და ცალსახა მოწოდებაა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველომ დააფიქსიროს ერთიანობა იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცე არჩევანი და გადაწყვეტილებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ჩვენი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ამის ნაცვლად, ვისმენთ საუბარს გამოგონილ საფრთხეებზე, მტრებზე, შემოიტანეს დაჩქარებული წესით კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის ჭკუის სწავლებას და შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“, პირადად ირაკლი კობახიძე სიამოვნებით გააუქმებდა პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ისევე როგორც გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ჰქონდეს.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდეს ვიწროპარტიული ჩარჩოებიდან და ვიმსჯელოთ, როგორ ვახდენთ ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევას, როგორ ვაღწევთ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ასევე, ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები