„რიყის დოქების“ მყიდველი კომპანია აცხადებს, რომ თბილისის ისტორიულ უბანში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმებს შექმნის, რისთვისაც 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

„რიყის დოქები“ 10 020 000 ლარად გაიყიდა. ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს რამდენჯერმე ჰქონდა ელექტრონულ აუქციონზე გატანილი, თუმცა, მისი შეძენის მსურველი ერთადერთი კომპანია – Global Victory Trust აღმოჩნდა.

იმის გასარკვევად, თუ სადაურია და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს წინაშე აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას, „იმედინიუსი“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, Global Victory Trust არის ევროპული კომპანია თანამედროვე დასავლური მენეჯმენტით, რომელსაც ხელმძღვანელობს ნეიროეკონომისტი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

კომპანიის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან წარდგენილ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ Global Victory Trust თბილისის ისტორიულ უბანში, რიყეზე, ამ უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა-ნაგებობებში ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმების ამოქმედებას გეგმავს. მათივე ინფორმაციით, ეს იქნება დავით ხიდეშელის ოჯახის სოციალური ინვესტიცია საქართველოს დედაქალაქის კულტურულ და შემეცნებით – საგანმანათლებლო ცხოვრებაში. ინვესტორი ასევე აცხადებს, რომ Global Victory Trust არის ევროპული კომპანია თანამედროვე დასავლური მენეჯმენტით, რომელიც დიდი ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობს საქმიან წრეებში. ამდენად, პროექტები, რომლებიც მისი სახელით განხორციელდება, შესრულდება სათანადო სტანდარტებით.

„ე.წ. რიყის დოქებში განთავსდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, აიტი აქსელერაციისა და ხელშეწყობის სივრცეები, ვირტუალური ტექნოლოგიური ტურისტული და საგამოფენო დარბაზები, ვირტუალური და ფიზიკური ივენთ ჰოლები, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, განთავსდება ღვინის საერთაშორისო კონსორციუმი და გონიერი ქალაქების უზრუნველყოფის ცენტრი. ეს იქნება ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც ამ სივრცეების დამთვალიერებს შეუქმნის წარმოადგენას საქართველოზე, როგორც მდიდარი ისტორიისა და არანაკლებ შთამბეჭდავი მომავლის შესახებ“ – აღნიშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები