კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 671,5 ჰექტარით იზრდება

კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია 671,5 ჰექტარით იზრდება და მისი სრული ფართობი 44980 ჰექტარი გახდება. პარლამენტის პრესსამსაურის ცნობით, აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ცვლილებების პროექტზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ ისაუბრა და კანონპროექტის მომზადების მიზნები განმარტა.

მომხსენებლის ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობის გაზრდა, მიზნად ისახავს, საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივი გამრავლების ხელშეწყობას.

მისივე განცხადებით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდინარე რიონი ერთადერთი მდინარეა, სადაც ზუთხისებრთა ბუნებრივი გამრავლება ხდება, ამ სახეობების არსებობა კი ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების და ზღვის ეკო სისტემებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის შესაბამისად, მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავში არსებულ ტერიტორიას ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება. ამასთან, მომატებული 671,5 ჰექტარიდან სახმელეთო ფართობი – 196,5, ხოლო ზღვის აკვატორია 475 ჰექტარით გაიზრდება. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებაში (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ შესატანი ცვლილებათა პროექტი. საკითხი პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში ბათუმის მერიისთვის 48 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდა, თუმცა ჩამოურიცხავი დარჩა 224 ათასი ევრო.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის განკარგულებით, დანაზოგი თანხა, ბათუმის მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, კერძოდ საინფორმაციო ელექტრონული ტაბლოების შეძენასა და დამონტაჟებას მოხმარდება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები