„კადიროველებს უკრაინაში სიკვდილის ეშინიათ“ – ინტერვიუ ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილესთან, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის

„ვაინახი“

20 ათასი უცხოელი 52 ქვეყნიდან საკუთარი ნებით წავიდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ არაერთხელ აღნიშნა იმ უცხოელების უპრეცედენტო მობილიზაციის შესახებ, რომელთაც სურთ, უკრაინისთვის იბრძოლონ.

„ჩვენთან მოდიან გამოცდილი ვეტერანები და მოხალისეები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. ეს მათი სურვილია. ჩვენ ისინი არ დაგვიქირავებია. ეს მათი სურვილია, იბრძოლონ სიკეთის მხარეს“, – განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას დეტალების შესახებ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქმე მოხალისეთა დიდ რიცხვს ეხება.

კადიროვის ბატალიონებით დაშინების მიუხედავად, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ბევრი ჩეჩენი შეუერთდა. მათი ნაწილი დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, სხვები კი, საზღვარგარეთიდან უჭერენ მხარს ფინანსებითა და სამხედრო აღჭურვილობით.

უკრაინული გამოცემა ესაუბრა ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტერანს, მეტსახელად – „ვაინახს“. ომამდე 40 წლის მამაკაცი ჩვეულებრივი მეწარმე იყო. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის მეორე დღიდან ის მოხალისედ ჩაეწერა კიევის დასაცავად.

„ის რაც უკრაინაში ახლა დაიწყო, ჩვენ ვნახეთ 1994 წელს, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. რუსები მაშინაც ბომბავდნენ აეროდრომებსა და საგუშაგოებს“, – ამბობს „ვაინახი“.

რედაქციისთვის წარდგენილ ფოტოებზე 40 წლის მეომარი სახეს მალავს. ჩეჩნეთის მეორე ომის მერე ის უკრაინაში გაემგზავრა, მაგრამ სამშობლოში ნათესავები დარჩა. „ვაინახი“ ამბობს, რომ ჩეჩნები ამ ომს უყურებენ, როგორც საკუთარი ნაციონალური ბრძოლის ახალ ეტაპს იჩქერიის გასათავისუფლებლად. მისივე თქმით, ამ ომის შედეგებზე მთელი მსოფლიოს თავისუფლებაა დამოკიდებული.

„ომი უკრაინაში გარდაუვალი იყო“

–  სად იყავი, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო?

–  24 თებერვალს, დილით კიევში ჩემთან მეგობარი მოვიდა და გამაღვიძა. ავიღე ტელეფონი და პირველი სარაკეტო დარტყმების შესახებ წავიკითხე. ბოლომდე არ მეგონა, რომ პუტინი ამაზე იყო წამსვლელი, მაგრამ თავიდანვე ვადევნებდი თვალყურს ამ მრავალწლიან დაძაბულობას და ბოლო დღეებში, შემოჭრამდე, მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ უკრაინაში ომი გარდაუვალი იყო.

– შენ უკრაინაში 2008 წელს ჩამოხვედი. რატომ?

– მე ნათესავები მყავს ჩენჩნეთსა და რუსეთში, მაგრამ ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ წავიდნენ იქიდან. ისინი კი მპასუხობენ, რომ დავბრუნდე, ვინაიდან დანგრეული ქალაქები აღადგინეს. მე კი იქ არ დავბრუნდები სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს.

–  ტერიტორიულ დაცვაში 24 თებერვალს წახვედი?

–  მომდევნო დღეს. მეგობრებთან ჩამოვრეკე, მე ისინი ბევრი მყავს: უკრაინელები, ჩეჩნები, დაღესტნელები. ჩავეწერე კიევის ტერიტორიულ დაცვაში მოხალისედ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ქვეყნის დახმარება შევძლო.

 

– დედაქალაქის დაცვა ძლიერია?

– შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად უმკლავდებიან საკუთარ მოვალეობას. ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, რაც ძალიან გვახარებს, მაგრამ ცის გაძლიერება კიდევ არის საჭირო. კიევის შტურმით აღება მათ არ გამოუვათ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ეს დაბომბვაა, რაც უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა.

– სად იყავი ჩეჩნეთის პირველი ომის დროს?

–  გროზნოში, ჩემს ძმებთან და მშობლებთან ერთად. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი. ყველაფერი საშინლად გამოიყურებოდა, ვინაიდან ასეთი რამ პირველად ვნახე. ყველაზე უარესი იყო გამანადგურებლები, რომლებიც სახლებს ბომბავდნენ.

– დაგიშვიათ ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის ომი?

– ამას არავინ მოელოდა ისევე, როგორც ახლა უკრაინაში. კი, დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ, თითქოს, მივეცით ნიშანი, რომ დამოუკიდებლობა გვსურდა. ამის შემდეგ დაიწყო პროვოკაციები…

– თქვენ მაშინ არ წახვედით გროზნოდან? 

– ბოლომდე ვრჩებოდი. მე, ასაკის მიხედვით, ჯარში ყოფნა არ მიწევდა, მაგრამ ჩემი ვალი იყო, ვყოფილიყავი ჩემს ხალხთან ერთად და ასეთ ასაკშიც კი მებრძოლა ამ გენოციდის წინააღმდეგ. ჩემს ერს ძალიან უჭირდა.

ახლა მახარებს, რომ უკრაინას მთელი მსოფლიო უჭერს მხარს და რამდენჯერაც არ უნდა დაგიძახონ „ბანდეროველები“ ან „ფაშისტები“, მთელი მსოფლიო ხედავს, ვინ არის, სინამდვილეში, ფაშისტი და საიდან მოდის ეს ბოროტება.

– ალბათ ომს მიჩვეული ხართ…

ჩვენთან, კავკასიაში 50 წელიწადში ერთხელ მაინც არის ომი რუსეთის იმპერიასთან. იყო კავკასიის ომი, ჩვენ გამოგვასახლეს… 1994 წელს 1 მილიონიდან ჩვენ 300 ათასი ადამიანი დავკარგეთ. ძალიან ბევრი დაიღუპა. ეს ნამდვილი გენოციდი იყო ჩეჩნების მიმართ. 

როდესაც კადიროველებს ტანკებით ვხედავ, მაშინვე 1994 წელი მახსენდება, როცა რუსი დაქირავებული პირები და სპეცრაზმი ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად მოდიოდნენ. ასეა ახლა უკრაინაშიც.

თუმცა, ერთი რამ არ მესმის. უკრაინას არასდროს ჰქონია პრეტენზია ჩეჩნეთის ან კავკასიის ტერიტორიებზე, და ზოგადად, სიკეთის გარდა, არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, ჩეჩნებისთვის. დღეს კი ისინი აქ მოდიან, რაღაც მოგონილი მიზეზით – „ებრძოლონ უკრაინულ ფაშიზმს“.

პირველ რიგში, ფაშიზმი რუსეთის მმართველისგან, პუტინისგან მოდის. ეს ხომ თვალსაჩინოა.

 

– როგორ იქცეოდნენ რუსი ჯარისკაცები ჩეჩნეთის ომში?
პირველ რიგში, ვისაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდით, ეს დაქირავებული პირები იყვნენ. ისინი საშინელებებს აკეთებდნენ: კლავდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალებს, მოქალაქეებთან სახლში შედიოდნენ, იპარავდნენ მანქანებს. თუკი რამე ვერ მიჰქონდათ, იმას წვავდნენ. 
– და როგორი იყვნენ ახალწვეულები?

ისინი სხვანაირები იყვნენ. მაგრამ… აი, რომ ვუყურებ, როგორ ექცევიან უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს ახალწვეულებს ტყვეობაში… ეს სწორია, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ. 

ასე იყო ჩეჩნეთშიც. ჩამოდიოდნენ ამ ჯარისკაცების მშობლები და მათ შვილებს ვუბრუნებდით. იგივეს ეუბნებოდნენ, რასაც უკრაინა ამბობს: არ ჩამოხვიდეთ აქ, დაიღუპებითო, მაგრამ ეს მაინც არ შველოდა.

კადიროვი, რომელიც ჯიჰადისკენ მოგვიწოდებდა, როგორც აუცილებელი ომისკენ, მათ მხარეს გადავიდა და ჩვენ წინააღმდეგ რუსეთთან ერთად დაიწყო ბროლა.

ჯარისკაცივს ვიდეომიმართვა

– რატომ აშინებენ ასე ხალხს კადიროველებით?

ეს პროპაგანდაა. რუს ხალხს და ჯარს ეშინოდა ჩეჩენი მეომრების. ისინი ხედავდნენ, რას აკეთებდნენ ჩეჩენი მეომრები პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩვენთან, თითქმის, ყველა პრეზიდენტი ომში დაიღუპა, ისინი ბოლომდე მიდიოდნენ და არ ღალატობდნენ თავიანთ ხალხს. 

ბევრი ადარებს კადიროველებს ჩეჩენს ხალხს, მაგრამ ის, ე.წ. კადიროველები, ვთვლი, რომ იგივე რუსული არმიაა. ისინი, უბრალოდ, უკეთესად ეკიპირებულები არიან, გაცილებით მოდური ტანსაცმლით. მეტი განსხვავება არ არის.

უკრაინელებს კადიროველები ვერ აშინებენ.

– რატომ?

უკრაინელები ღირსეული ხალხია და ეს მთელ მსოფლიოს აჩვენეს. უკრაინელები არ არიან რუსები, ეს 100%-იანია. არ მინდა განვაზოგადო, მაგრამ რუსებს გაცილებით მონური ფსიქოლოგია აქვთ. იქ არიან ღირსეული ადამიანები, უფლებადამცველები, მაგალითად…

რუსეთში კადიროველებს რაც უნდათ, იმას აკეთებენ. კანონსაც თავის ნებაზე ატრიალებენ. სასამართლოსა და გამოძიების გარეშე – იტაცებენ რუსეთის ნებისმიერი წერტილიდან მათ, ვინც უნდათ. თუკი საჭიროდ ჩათვლიან, შეიძლება მოკლან კიდეც. ბევრიც ჰყავთ მოკლული.

ჩეჩნეთში ძალიან ბევრი გმირია, მაგრამ ხალხს ეკრძალება მათზე საუბარი. იჩქერიის გმირები დიდი ხანია, კანონს მიღმა არიან. ეს იმისთვისაა, რომ საკუთარი ღალატის ფაქტი გადაფარონ, დაფარონ სახელები და შექმნან ახალი ისტორია რუსული აბრის ქვეშ, მაგრამ ხალხმა იცის თავისი გმირები და ახსოვს ისინი.

– კადიროველებს ეშინიათ კიევის შტურმით აღება?

ვფიქრობ, რომ ეშინიათ. დიდია შიში საკუთარი ხელისუფლების მიმართ, ასევე იმისა, რომ არ მოხვდნენ ტყვეობაში და გადარჩნენ, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი სწრაფად დასრულდეს დათავად ეს არ შეეხოთ.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათაც დიდი დანაკარგები აქვთ, მაგრამ საჯაროდ ამას არ ამბობენ. მათ იციან, საით მიდის ეს ყველაფერი. ჩვენ ვნახეთ, როგორია არაფრის მაქნისი რუსული ჯარი.

– თუკი მოგიწევს, კადიროველს მოკლავ?

აუცილებლად. ისინი ძალიან ღირსეულ ადამიანებს ანადგურებენ – ჩემს ძმებს და თანამემამულეებს. ისინი ცხოველებივით იქცევიან. მე ასეთ ადამიანებში ჩემს ხალხს ვერ ვხედავ. ისინი მტრები არიან. 

მე მათ მოვკლავ და შეძლებისდაგვარად, ყველანაირ ზიანს მივაყენებ.

 

–  რა ბედი ეწევა პუტინს?

ჩვენი გმირი და პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი ამბობდა: „უკრაინა კიდევ შეხვდება რუსეთს“. ის ძალიან შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო. რუსეთის დასასრული, ისეთის, რა სახითაც ის ახლა არის, უკვე დაიწყო. მსოფლიო შეიცვლება ამ ომის შემდეგ – ვფიქრობ, საკეთილდღეოდ. ბოროტება უკვე ვერ მოგვაჩვენებს თავს სიკეთედ და დემოკრატიად. 

– აქ ბოლომდე დარჩები?

–  ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რათა რუსული სისტემა უკრაინაში არ მოვიდეს. ეს ბოროტი იმპერიაა. ეს სისტემა თრგუნავს საკუთარ ხალხს.

– და შენ უკრაინაში ყოველთვის თავისუფალი ადამიანი იყავი?

–  აბსოლუტურად… ჩემი ოჯახი ევროპაშია. მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი. არა, მე სინდისი არ მაძლევს ამის უფლებას. იმის გათვალისწინებით, თუ რა დანაკარგი განიცადა რუსეთმა და ასეთი მსოფლიო მხარდაჭერით, უახლოეს დროში ყველაფერი ეს დასრულდება ბოროტების იმპერიის დამხობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები