სალომე ზურაბიშვილი: უკრაინელები იბრძვიან არა მარტო საკუთარი, არამედ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვისაც

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს მიმართა და თანადგომა გამოუცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არა მარტო საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვიან და მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა.

“ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელით მინდა მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და იცავენ თავიანთ ქალაქებს – მარიუპოლს, კიევს, ხარკოვს, ოდესას. ასევე, მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნის დასახმარებლად. აგრეთვე, მინდა მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში წასვლა მოუწიათ, მათ შორის ზოგს საქართველოშიც.

მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ვიცით ეს რასაც ნიშნავს, რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ბოლო ერთი თვის, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ.

მე მინდა, მთელი გულით გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები. თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე თქვენ იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ერთობლივი ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები