ლევან იოსელიანი: ხელისუფლება თუ ქვეყნის გარეთ თანმიმდევრულია, როცა მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას, ქვეყნის შიგნითაც არ უნდა ერიდებოდეს ამის არტიკულირება
“ხელისუფლება თანმიმდევრული უნდა იყოს, თუ ქვეყნის გარეთ თანმიმდევრულია, როცა მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას და მის ინიციატივებს, ქვეყნის შიგნითაც არ უნდა ერიდებოდეს ამის არტიკულირება და ყველაფერი ხმამაღლა უნდა თქვას”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამაბნეველი ტონი და ენის მოჩლექით საუბარი ადამიანებში სხვანაირ განცდებს იწვევს.
„საერთაშორისო სანქციებს ხელისუფლება უნდა მიუერთდეს და მე გეტყვით, რომ ნაწილობრივ ის მიერთებულიც არის. კონკრეტული შემთხვევებია, როცა კომპანიებს დაედოთ ყადაღა, რადგან ისინი წარმოადგენდნენ სანქცირებულ პირთა საკუთრებას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გამოხატავდეს ხელისუფლება უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, ჩემი აზრით, უნდა იყოს თანმიმდევრული და თუ ქვეყნის გარეთ თანმიმდევრულია, როცა მხარს უჭერს ხოლმე უკრაინის ინიციატივებს, ქვეყნის შიგნითაც არ უნდა ერიდებოდეს ამის არტიკულირება და ყველაფერი ხმამაღლა უნდა თქვას. დამაბნეველი ტონი და ენის მოჩლექით საუბარი ხშირ შემთხვევაში სხვანაირ განცდას აჩენს ადამიანებში, რომ ჩვენ ვერ ვბედავთ, ხმამაღლა ვთქვათ ის, რასაც მთელი მსოფლიო ამბობს”, – განაცხადა იოსელიანმა.