Reuters: G20-ის წევრები “დიდი ოცეულიდან” რუსეთის გაძევების საკითხს განიხილავენ
ამერიკა და მოკავშირეები „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის საკითხს აქტიურად განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვის ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა და მას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
წყაროების ცნობით, იმის ალბათობა, რომ რუსეთის გარიცხვის მცდელობას შესაძლოა, ვეტო დაადონ სხვა წევრებმა (ჯგუფი მოიცავს ჩინეთს, ინდოეთს, საუდის არაბეთს და სხვებს), ზრდის პერსპექტივას, რომ ზოგიერთი ქვეყანა წელს G20-ის შეხვედრებს გამოტოვებს.
“იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთისთვის, G20-ის ნაწილი იყოს”, – უთხრა Reuters-ს წყარომ.
ცნობისთვის, „დიდი ოცეული“ მსოფლიოს მსხვილი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობს.
რუსეთი დიდი შვიდეულის წევრიც იყო, თუმცა, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, გააძევეს.