ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე” გაიხსნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე” გაიხსნა.

გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. მინისტრმა მხატვარს გამოფენის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია, ქართველ მხატვრებს ეროვნულ გალერეაში გამოფენების მოწყობის საშუალება კვლავ რომ ეძლევათ. შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნული გალერეის კონცეფცია შეიცვალა, მას გალერეის ფუნქცია დაუბრუნდა და ქართველ მხატვრებს, მრავალწლიანი წყვეტის შემდეგ, კვლავ აქვთ საშუალება, გალერეაში მათი ნამუშევრების გამოფენები მოაწყონ.

ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ. გამოფენის კურატორია მაკა ბეჟუაშვილი.

ზაალ ბაჩანაშვილი 1954 წელს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურში დაიბადა. სამხატვრო განათლება მან 1968-1971 წლებში თელავის სამხატვრო სკოლაში მიიღო, ხოლო 1973 წლიდან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა. სწორედ მიწიერი და ზეციური ცხოვრების კავშირისა და ზეციური ნათლის გამომხატველია თეთრი წრე, რომელსაც ხშირად ვხვდებით ზაალ ბაჩანაშვილის ფერწერულ ტილოებში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ეროვნული გალერეის 2022 წლის საგამოფენო გრაფიკის შესადგენად და სწორედ კონკურსის წესით შერჩეული პროექტებით შედგა ეროვნული გალერეის 2022 წლის საგამოფენო გრაფიკი. მიმდინარე წელს ეროვნულ გალერეაში კონკურსის წესით შერჩეული პროექტების კიდევ 21 გამოფენა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები