მსოფლიო პატრიარქი: ერთმორწმუნე ოკუპანტები, როგორც ჩანს, მოძმე უკრაინელი ხალხის სრულ დამცირებას ეძიებენ
ერთმორწმუნე ოკუპანტები, უკრაინისა, რომელიც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, როგორც ჩანს, ეძიებენ სრულ დამცირებას თავმოყვარე, მორწმუნე და მოძმე უკრაინელი ხალხის, რომელიც გმირულად იბრძვის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეო პირველმა ქადაგებისას განაცხადა.
მსოფლიო პატრიარქმა აღნიშნა, რომ, ამ უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე, დედა ეკლესია უმოქმედო და გულგრილი ვერ დარჩება. მან გაიხსენა, რომ უკრაინაში შეჭრის დღიდანვე მან და მსოფლიო საპატრიარქომ ცალსახად დაგმეს ომი და მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს.
“ომი არასდროს ყოფილა უთანხმოების მოგვარების საშუალება. იარაღი იწვევს სიკვდილს და განურჩევლად კლავს ყველას. ამას მოწმობს ის ტრაგიკული კადრები, რომლებიც ბოლო 25 დღეა, მთელ მსოფლიოში ტრიალებს.
ვინც ომის გზა აირჩია, საკუთარი ხალხიც გაწირვისკენ მიჰყავს. უკრაინელი და რუსი დედები ომში წასულ შვილებს ემშვიდობებიან და ბევრი მათგანი უკვე გლოვობს მათ დაკარგვას. შეაჩერეთ ეს საშინელება, შეაჩერეთ ომი ახლავე. ეს სიგიჟე უკვე საკმარისია! რამდენ სისხლს გაუძლებს დედამიწა?!”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.