იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მსოფლიო თანამეგობრობის სულისკვეთებას უერთდება და აქტიურად განაგრძობს აღნიშნულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.
უწყების ცნობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებისათვის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭო აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, სისხლისსამართლებრივი დევნის, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისა და თანამშრომლობის მიმართულებით ინტენსიურად განხორციელდეს.
“ამ მხრივ ყველა მიმართულებით სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი. კერძოდ, 2013 წლიდან ტრეფიკინგის ფაქტებზე გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის რიცხვი გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, უკავშირდება სამართალდამცველთა ძალისხმევის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინსტიტუციურ დონეზე დამატებითი მექანიზმების შექმნას, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებას”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს თქმით, დანაშაულის პრევენცია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
“2013 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი დააწესა როგორც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე. წელს ეს დღე პირველად აღინიშნება, რითაც ხაზი ესმება ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებას საკითხის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიკაციით და მათი შიდა კანონმდებლობაში იმპლემენტაციით, ინსტიტუციურ დონეზე სპეციალური უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნითა და საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.