ევროკომისიაში უკრაინელი ბავშვების ტრეფიკინგის საფრთხეზე საუბრობენ

მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის, ილვა იოჰანსონის განცხადებით, უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ქვეყანას რუსეთის შეჭრის გამო ტოვებენ, ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდნენ.

ამის შესახებ Reuters წერს.

როგორც იოჰანსონმა ესტონეთში პრესკონფერენციაზე თქვა, ომის დაწყებიდან 3,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა და აქედან თითქმის ნახევარი ბავშვია. მისი თქმით, მოსალოდნელია კიდევ “მილიონობით ბავშვის” ქვეყნიდან გაქცევა.

ილვა იოჰანსონი ამბობს, რომ უკრაინაში ბევრი ობოლი და სუროგატი დედისგან დაბადებული ბავშვია, რომლებიც, საბოლოოდ, მშობლებმა მიატოვეს.  მისი თქმით, ეს ზრდის იმის რისკს, რომ ასეთი  ბავშვები შესაძლოა, იძულებითი გაშვილების ან გატაცების მსხვერპლი გახდნენ.

„არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ დაუცველი ბავშვები ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ“, – თქვა მან.

იოჰანსონმა  აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცოტაა ინფორმაცია უპატრონო ბავშვების შესახებ და რამდენიმე ცნობა იყო ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.  თუმცა, უკრაინის პოლიციამ, აქტივისტებმა და ქალთა ორგანიზაციებმა რამდენიმე “შემაშფოთებელი” შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

„არ უნდა დაველოდოთ ადამიანების ვაჭრობის მტკიცებულებებს, რადგან მაშინ შეიძლება, უკვე ძალიან გვიანი იყოს“, – თქვა იოჰანსონმა და დასძინა, რომ ამ რისკის შესახებ დიდი საინფორმაციო კამპანია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ევროკომისრის თქმით, რისკები შეიძლება, საზღვრებზე წარმოიშვას, სადაც მოხალისეებად გადაცმულმა კრიმინალებმა შეიძლება, დაუცველი ადამიანების მდგომარეობით ისარგებლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები