WSJ: პუტინი გეგმა “ბ”-ზე გადადის

მას შემდეგ, რაც კიევის დაკავების გეგმა ვერ განხორციელდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იძულებულია – ომის ტაქტიკა შეცვალოს, – წერს Wall Street Journal-ი.

როგორც გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უამბეს, კრემლის ლიდერი „მთავარი ტერიტორიული სამიზნეების დაცვის“ სტრატეგიაზე გადადის და ეძებს ბერკეტებს, აიძულოს უკრაინის ხელისუფლება, ბლოკგარეშე სტატუსს დათანხმდეს.

გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ, მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა დაცვამ პუტინს ტაქტიკის შეცვლა აიძულა.

მისი თქმით, ახლა პუტინს უნდა, აიძულოს კიევი, დაეთანხმოს რუსეთის პრეტენზიებს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამრიგად, პუტინს უნდა შექმნას „სახმელეთო დერეფანი“ უკრაინის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე, დონბასზე კონტროლი გააფართოოს.

ამავდროულად, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, კერძოდ, ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის – დასავლეთთან ალიანსში შესვლის იმედები დაკარგოს და ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს დაეთანხმოს.

აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ რუსეთი შეეცდება, შეინარჩუნოს მისი ჯარების მიერ ამჟამად ოკუპირებული მთელი ტერიტორია და ესკალაცია გააგრძელოს.

”ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პუტინი ბლოკადის ტაქტიკას უბრუნდება”, – თქვა კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქების მცხოვრებლებისთვის ეს ნიშნავს სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების კვირების და შესაძლოა, თვეების მანძილზე.

ამასთან, აშშ-ში ეჭვობენ, რომ პუტინმა კიევის დაკავება შეძლოს, “თუ ის დამატებით ჯარის მობილიზაციას არ მოახდენს”.

Wall Street Journal წერს, რომ პუტინის სტრატეგიის ინტერპრეტაცია არ არის სადაზვერვო საზოგადოების ოფიციალური შეფასების შედეგი, არამედ მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ზოგიერთი ოფიციალური პირის თვალსაზრისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები