საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი “DMO Visit kakheti”-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან ემზარ კუჭუაშვილთან და ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელ ქეთევან გრატიაშვილთან ერთად, კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის DMO Visit kakheti-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი, მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებისა და სერვისების შესახებ შემუშავებული სტრატეგიის განხილვა იყო, რომლის შესახებაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და გრძელვადიანი პერსპექტივის ფარგლებში, დასახული გეგმების თანმიმდევრული პრინციპით განხორციელება მიმდინარეობს.

2022-2023 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაციისას ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა გარკვეული რეკომენდაციები გასცა, რათა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურისტული მიმართულებით მეტად ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემო შეიქმნას.

– ჩვენი მიზანია ისეთი გზამკვლევის შექმნა,
რომელიც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას.

ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ მუშაობა, ამ ეტაპისთვის ყველა ტურისტულ ობიექტთან მისასვლელ ლოკაციაზე მონტაჟდება ორენოვანი საინფორმაციო – საგზაო ნიშნები.

უახლოეს პერიოდში იგეგმება აღნიშნული ადგილების გაციფრულება და შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის დაწყება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება – “საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში,

მარიამჯვრის ნაკრძალის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იწყება.

სოფელ მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ხელმისაწვდომობის გაზრდის, მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, 2`360`640.00 ლარი დაიხარჯება.

აქტიურად მიდის მუშაობა კოდის, როგორც საკურორტო ზონის მნიშვნელობის და ცნობადობის გაზრდაზე. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ შეიქმნას ტურისტის დაყოვნებისათვის საჭირო პირობები და ინფრასტრუქტურა, რათა ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები