საქართველოს ელჩი უკრაინაში: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში ცხედრების გადმოსვენების პროცესი რაც შეიძლება მალე მოხდეს
უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი ძნელია, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი ცხედარია გადასვენებული პროზექტურაში, მეორე ცხედარი იციან სად არის, თუმცა გართულებული იყო გამოყვანა, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
მან უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების: გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურებზე ისაუბრა.
„ეს დამოკიდებულია, თუ როდის იქნება ორივე ცხედარი პროზექტურაში. შემდეგ დავიწყებთ ტექნიკურ პროცედურებს. გარკვეული სირთულეები აქაც არის, რადგან პოლონეთის გავლით უნდა გადმოასვენონ. გვქონდა კომუნიკაცია პოლონეთის საელჩოსთან. ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი გარკვეულია. ობიექტური სირთულეები დაკავშირებულია საომარ მოქმედებასთან, გზებზე არსებულ პრობლემებთან და ასე შემდეგ. ამიტომ კონკრეტული ვადების დასახელება საკმაოდ რთულია. ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა.
შეგახსენებთ, გუშინ ირპენთან 2 ქართველი მეომარი დაიღუპა. ამასთან დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა.