აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრი დავით ბაციკაძე ბათუმში რუსული სკოლის გახსნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მედიაში მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია.
ბაციკაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები ცდილობენ აჟიოტაჟი შექმნან და „ხელისუფლება პრორუსულ ძალად წარმოაჩინონ“.
“ვცდილობთ, ახალი სკოლები ავაშენოთ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება სწავლება. “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები ცდილობენ აჟიოტაჟი შექმნან. ტყუილით ცდილობენ პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვიყვანონ. ახლა თავის მართლება მიწევს ტყუილზე და არც თავი გვაქვს სამართლებელი. ბათუმში მე-3, მე-7 საჯარო სკოლები გვაქვს, სადაც რუსულენოვანი სექტორებია, მაგრამ უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რათა პუტინის მოკავშირეები გამოგვიყვანონ. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ”, – აცხადებს დავით ბაციკაძე.
დღესვე აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა. მისი თქმით, მსგავსი არაფერი ხდება და გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.