“წმინდა წერილიდან მახსენდება სიტყვები” – პუტინმა ყირიმის ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით ლუჟნიკებში შეკრებილებს მიმართა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების მერვე წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ აქცია-კონცერტზე სიტყვით გამოვიდა.
ყირიმზე საუბრისას მან თქვა, რომ “საკუთარ მიწაზე ერთობლივი ბედით გაერთიანებულები – ასე ფიქრობდნენ და ამით ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, როდესაც 2014 წლის 18 მარტს ყირიმსა და სევასტოპოლში რეფერენდუმზე მიდიოდნენ. მათ ისტორიულ სამშობლოსთან, რუსეთთან საერთო ბედით ცხოვრება სურდათ, ამის სრული უფლება ჰქონდათ და მიზანსაც მიაღწიეს. ყირიმელები და სევასტოპოლელები სწორად მოიქცნენ, როდესაც ნეონაცისტებსა და ექსტრემალურ ნაციონალისტებს მძიმე ბარიერი აღუმართეს, რადგან ის, რაც სხვა ტერიტორიებზე ხდებოდა და ამჟამადაც ხდება, ამის საუკეთესო დასტურია”, – თქვა პუტინმა.
მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა ყირიმისა და სევასტოპოლის განვითარებისთვის.
“საჭირო იყო ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც შეუიარაღებელი თვალით მაშინვე არ ჩანს. ისინი ფუნდამენტური ხასიათისაა: გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, კომუნალური მომსახურება, საგზაო ქსელის აღდგენა, ახალი გზების, ავტომაგისტრალებისა და ახალი ხიდების მშენებლობა. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, ვიცით – რის ხარჯზეც და ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა ჩვენს გეგმას”, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ასევე დონბასის მოსახლეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინიც “არ დათანხმებულან სახელმწიფო გადატრიალებას. მათ წინააღმდეგ მაშინვე მოეწყო სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები და არაერთი. ისინი მაშინვე მოაქციეს ბლოკადაში, ექვემდებარებოდნენ სისტემატურ დაბომბვებს. ამას ჰქვია გენოციდი. ჩვენი ოპერაციის მიზანია ხალხის ამ ყველაფრისგან გადარჩენა.
ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ერთობა უნივერსალური ღირებულებაა რუსეთის ყველა ხალხისა და ყველა სარწმუნოების წარმომადგენლისა და ჩვენი ხალხისთვის, პირველ ყოვლისა, ჩვენი ხალხისთვის. ამის საუკეთესო დასტურია ის, თუ როგორ იბრძვიან, როგორ იქცევიან ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის დროს – მხარდამხარ. ეხმარებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს და, საჭიროების შემთხვევაში, როგორც საკუთარ ძმას, ეფარებიან ბრძოლის ველზე. ასეთი ერთობა დიდი ხანია, არ გვქონია.
წმინდა წერილიდან მახსენდება სიტყვები: „არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე ვინმემ სიცოცხლე გაწიროს მეგობრებისთვის“, – თქვა პუტინმა.
მოსკოვის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ლუჟნიკებზე აქციას 200 ათასი ადამიანი ესწრება.