გიორგი ჩაკვეტაძე – „ომით ხელის მომთბობი “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა უცვლელია“

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ უკრაინელ ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე აგრესია.

„მინდა, მშვიდობა ვუსურვო მოძმე უკრაინელებს. ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, ისევ სიკეთე გაიმარჯვებს და ევროპის კონტინენტზე მშვიდობიანი განვითარება გაგრძელდება. მძიმეა, უყურო კადრებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი ისტორიულ ქალაქებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, კლინიკებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს არის შუა საუკუნეების დაუნდობელი აგრესია 21-ე საუკუნეში. საქართველომ ბოლოს წლების განმავლობაში გამოიარა არაერთი ომი, ტერიტორიების ოკუპაცია, ეკონომიკური გაჭირვება. მეტიც, თაობებმა იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის – ჩვენი ევროპული არჩევანისთვის! ამ ევროპული არჩევანის კიდევ ერთ დადასტურებაა ისტორიული დოკუმენტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 3 მარტს გააგზავნა”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა „ნაციონალურ მოძრაობას“ “ომით ხელის მომთბობი პარტია” უწოდა, რომლის ხელწერაც უცვლელია.

„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის გარდა, დესტრუქციული, ავანტიურისტი და ომით ხელის მომთბობი ნაციონალური მოძრაობის ხელწერაც უცვლელია. ყოველდღიურად ვხედავთ მასშტაბურ დეზინფორმაციასა და პროვოკაციებს. ამ ხალხის პარტია არის მე-5 კოლონა 21-ე საუკუნის საქართველოში. ამ ხალხმა ტერიტორიები და ეკონომიკის დიდი ნაწილი ჩააბარა რუსეთს. ამ ხალხმა ევროსაბჭოს რეზოლუციით საქართველოს დასდო ბრალი 2008 წლის ომში.

ამათთვის, თუკი ხელისუფლებაში არ არიან ყველაფერი წყალსაც წაუღია.“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. მან საკრებულოს სხდომის მონაწილეებს რეზო ჩომახიძის ფოტო აჩვენა, რომელიც როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახედ წარადგინა. „ორი დღის წინ რეზო ჩომახიძე რუსეთის ერთ-ერთი დიდი წყალბურთის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს მინიმუმ ორმაგი სტანდარტია, როცა დემაგოგიით გვიბრუნდებით და გვეუბნებით, რომ სანქციებს არ უერთდება საქართველო. ჩვენ ვდგავართ კიევის, მარიუპოლის, ხერსონის, ხარკოვის, ყველა უკრაინული ქალაქისა და უკრაინელი ხალხის გვერდით! დიდება უკრაინას!“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები