მამუკა მდინარაძე: უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის საკითხის უკრაინასთან გარკვევას დღეს არ ვაპირებთ
უკრაინაში უმაღლესი თანამდებობის პირებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის თანამზრახველები არიან და მასთან ერთად განიხილებიან კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძის დანიშვნის თაობაზე ხატია დეკანოიძის განცხადებას.
მისივე ცნობით, აღნიშნული საკითხის უკრაინასთან გარკვევა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას ახლა მხარდაჭერა სჭირდება და არა – რაღაც საქმეების სიღრმეებში შესვლა.
“ამ საკითხის უკრაინასთან გარკვევას დღეს არ ვაპირებთ. პირიქით, მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ, დღეს უკრაინას რაღაც საქმეების სიღრმეებში შესვლა არ სჭირდება. მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, რასაც ურყევად გამოვხატავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა.
ცნობისთვის, გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას ორი ბრალი აქვს წარდგენილი – ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის და 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.