მეფუტკრე ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს

საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა მეფუტკრე ფერმერებს მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტები სპეციალურ სადგურებს დაამონტაჟებენ, სადაც წერტილოვანი წამლობები ჩატარდება. მავნებლის საწინააღმდეგო აქტიური წამლობების პერიოდში, იმ ადგილებში, სადაც ფუტკრის სკებია განთავსებული, წამლობა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდება. ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება.

კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები