შალვა პაპუაშვილი: ადამიანი, რომელიც ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, არ არის სასიამოვნო
საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და, მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში?! თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაინიშნა, საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არ არის სასიამოვნო, როდესაც საქართველოში ბრალდებული პირი, სხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში ინიშნება.
„არ ვიცი, ეს რამდენად დადასტურებული ინფორმაციაა. გასაკვირია, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აჟღერებს ამ ინფორმაციას. საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და, მით უმეტეს, კონტრდაზვერვაში?! თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია იმიტომ, რომ ვიცით, გია ლორთქიფანიძე ბრალდებულია. მათ შორის, არსებობს ჩვენებები იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვაში. ასევე, თუ არ ვცდები, არსებობდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. გია ლორთქიფანიძე გახლდათ ორგანიზატორი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით აქ ქვეყნის არევის. თავისთავად, ადამიანი, რომელიც ასეთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში, ეს არ არის სასიამოვნო.
გარდა ამისა, ამ დღეებში ჩვენ ვხედავდით ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, რომელიც უკრაინაში არის გენერალური პროკურორის მრჩეველი, რომელიც არ არის სასიამოვნო. თუმცა, ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რამენაირად კრიტიკული ვიყოთ ამ კუთხით, გვესმის, რომ არის რთული და ტრაგიკული მდგომარეობა უკრაინაში, ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის; ახლა არ არის დრო ამ საკითხზე საუბრის და განხილვის, თუმცა დასანანი ფაქტია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის ორგანიზატორი დაინიშნა ასეთ მაღალ თანამდებობაზე, თუ ეს მართალია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.